ჩვენ შესახებ
„მართვე“ მომღერალი ბავშვების ცნობილი ანსამბლია
"მართვეს“ დაარსებიდან 40 წელი გავიდა. ანსამბლში და მის მოსამზადებელ სტუდიებში უკვე ბიჭუნათა თორმეტმა თაობამ გაიარა, 2000-ზე მეტმა ბავშვმა შეისწავლა ხალხური სიმღერები. „მართვე“ თავისი საკონცერტო მოღვაწეობით, სატელევიზიო გამოსვლებით, რადიოჩანაწერებით და მოღვაწეობის სხვა ფორმებით წლების მანძილზე პოპულარიზაციას უწევდა ქართულ ხალხურ სიმღერას, რითაც მოზარდი თაობის დიდი ინტერესი გამოიწვია. თუ დღეს საქართველოში ასე მომრავლდა ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლები, ეს, ცხადია, „მართვეს“ დიდი დამსახურებაც არის. „მართვეში“ აღზრდილი თაობები უკვე თავიანთ შვილებს ასწავლიან ხალხურ სიმღერებს. ამით მათ ოჯახური მუზიცირების მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია აღადგინეს. „მართვეში“ აღზრდილმა ბევრმა ყმაწვილმა პროფესიული მუსიკალური განათლება ჯერ 28-ე მუსიკალურ სკოლაში, ბ-ნი თამაზ ანდღულაძის ხელმძღვანელობით მიიღო (ამ სკოლაში საგუნდო განყოფილება „მართვე“-სთვის სპეციალურად ბატონმა ოთარ თაქთაქიშვილმა გახსნა). შემდეგ ბევრმა მათგანმა კონსერვატორია, კულტურის ინსტიტუტი და მუსიკალური სასწავლებელი დაამთავრა. დღეს ისინი თვითონ აყალიბებენ გუნდებს, სიმღერას ასწავლიან ბავშვებს.

40 წლის მანძილზე „მართვეს“ წევრებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში შეძენილი მეგობრები ოჯახებით დაიმეგობრეს. ეს ურთიერთობა დღესაც გრძელდება. „მართვემ“ მსოფლიოს მრავალი ქვეყანა აზიარა ქართული სიმღერის მადლს და ამით დიდი სამსახური გაუწია საქართველოს, მის კულტურას. ყველაზე დიდი დამსახურება ალბათ მაინც ისაა, რომ XX საუკუნის ბოლო მეოთხედში, როცა ლამის მთელი მსოფლიო ათასი ჯურის იაფფასიანმა მუსიკამ გადათელა და მოზარდთა ესთეტიკურ აღზრდას დიდი საფრთხე შეუქმნა, „მართვემ“ ხალხური სიმღერისკენ მოაბრუნა მომავალი თაობა და ეროვნული სული შთაბერა მას. დღეს სიმღერის სადავეები ხელთ ახალგაზრდობას უპყრია, ეს კი სიმღერის უკვდავებას ნიშნავს!
„მართვემ“ თავისი სიმღერებით სიყვარული დაამკვიდრა. ახალგაზრდებმა უკვე იციან, რომ თუ გვერდით მდგომი არ გიყვარს, ისე სიმღერა არ გამოგივა. ჭეშმარიტ სიყვარულზე დაფუძნებული ტრადიცია დღესაც გრძელდება და თაობებს გადაეცემა. სწორედ ასეთი განწყობით იყო გამსჭვალული „მართვეს“ 20 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო, რომელიც 1998 წლის 31 მაისს გაიმართა. სცენაზე „მართვეში“ აღზრდილი ყველა თაობის 1000-ზე მეტი ახალგაზრდა იდგა და ჩაკრულოს აგუგუნებდა. ეს იყო სიმღერისა და სიყვარულის ნამდვილი ზეიმი, რომელმაც დაგვანახა, რომ ქართული ხალხური სიმღერის ბედი საიმედო ხელშია. ანსამბლის პირველმა თაობამ ეს თარიღი „მართვეს“ დღედ გამოაცხადა. ამიერიდან, ყოველი წლის 31 მაისს, “მართველები“ ზეიმით აღნიშნავენ.
ანსამბლმა თავისი არსებობის მანძილზე 1700-ზე მეტი კონცერტი გამართა. მონაწილეობა მიიღო ბევრ ტელე და რადიოგადაცემაში. კინორეჟისორმა ზაალ კაკაბაძემ გადაიღო ფილმი „მღერის „მართვე“. აწ განსვენებულმა კინორეჟისორმა გია მატარაძემ შექმნა ფილმი „შვიდი ნოველა სიყვარულზე“, რომელშიც „მართვეს“ ბიჭები მონაწილეობენ, როგორც მსახიობები და მომღერლები. ფირმა „მელოდიამ“ რამდენიმე ფირფიტა გამოსცა „მართვეს“ შესრულებით. საიუბილეო დღესასწაულისთვის გამოიცა წიგნი - „მართვე“ 20 წლისაა“. იაპონურმა ფირმა „ვიქტორმა“ ჩაიწერა და კომპაქტურ დისკებზე გამოსცა „მართვეს“ სიმღერები.


***

სტუდია „მართვე“ ბავშვთა და მოზარდთა საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრია, რომელიც უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეს შეისწავლოს უძველესი ეროვნული სახელოვნებო ტრადიციები და მომავალში პოპულარიზაცია გაუწიოს მოყვარულ და პროფესიულ სცენებზე, შესთავაზოს სწავლების მოქნილი ფორმა, შეუქმნას არასტანდარტული და კეთილგანწყობილი სამუშაო გარემო. სკოლა თავისი გამოცდილებით და მიღწევებით სრულიად გამორჩეულია. ამ სტატუსს ქმნიან საგანგებოდ მოწვეული, დარგის მაღალი კვალიფიკაციის მქონე მასწავლებლები. სტუდია „მართვე“ მუდმივად სრულყოფის პროცესშია. ახალი, პერსპექტიული ხედვის შედეგია რეორგანიზაცია - კერძოდ, სტუდია „მართვეს“ და საქართველოს ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „რუსთავის“ ერთიან სტრუქტურულ ერთეულად გარდაქმნა. ამჯერად სტუდიას მართავს ახალგაზრდა პროფესიონალების გუნდი.

ჩვენი მიზანია:

  • სწავლების ხარისხის ამაღლება
  • ახალი სასწავლო დისციპლინების დანერგვა
  • შემოქმედებითი სასწავლო პროცესის სრულყოფა


სტუდია „მართვეს“ ადმინისტრაცია
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლე
მსგავსი სტატიები არ მოიძებნა