ისტორია
„მართვეს“ მიერ განვლილი გზა
სტუდია „მართვე“ 40 წლის უკან დაარსდა თბილისის განათლების სამმართველოს ბავშვთა საერთაშორისო ფოლკლორული ცენტრის ბაზაზე ქართველი საზოგადო მოღვაწის ანზორ ერქომაიშვილის და წარსულში ამავე ცენტრის დირექტორის, აწ გარდაცვლილი ნათელა ჯიღაურის ინიციატივით. XX საუკუნის 80-იან წლებში მწვავედ დაისვა მომავალი თაობისთვის ეროვნული სამუსიკო კულტურისადმი ჭეშმარიტი ინტერესის გაღვივების საკითხი, რადგან საესტრადო მუსიკას მიჩვეულ ახალგაზრდობას ერიდებოდა ხალხური სიმღერის შესწავლა-შესრულება. სტუდიაში დაინერგა სახელოვნებო მიმართულებები, შეისწავლებოდა სახელოვნებო საგნები, მაგრამ მთავარი აქცენტი დაისვა ქართული ხალხური სიმღერის შესწავლა-პოპულარიზაციაზე. 1976 წელს დაიბადა იდეა შექმნილიყო ბიჭუნათა გუნდი. მოგვიანებით პირველი რეპეტიციაც ჩაუტარდა 30-მდე ბიჭუნას. ხელმძღვანელებმა თავიდანვე განსაზღვრეს სწავლების მაღალი ხარისხის აუცილებლობა და მოიწვიეს ქართული სამუსიკო ხელოვნების თვალსაჩინო ლოტბარები, აწ განსვენებული კოტე მშვიდობაძე და რამინ მიქაბერიძე. რამდენიმე თვეში დამწყებმა მომღერლებმა უკვე დაახლოებით 3 ათეული სიმღერა შეისწავლეს. 1978 წლის 9 მაისს ტელევიზიით პირველი საკონცერტო ნათლობაც შედგა. გადაცემას სიხარულით გამოეხმაურნენ ძველი თაობის მომღერლები. გადაცემის მსვლელობისას მაყურებელს შესთავაზეს ბიჭუნათა ანსამბლისთვის სახელის შერჩევა და მოგვიანებით მრავალთაგან შეირჩა საგარეჯოელი დავით შაქარაშვილის - „მართვე“ („...ეს ბავშვები დიდი მომღერალი არწივების ბარტყები - მართვეები არიან“...). ახლადშექმნილმა „მართვემ“ მყისიერად მოიპოვა პოპულარობა, მას თითქმის ყველა საზეიმო კონცერტზე იწვევდნენ, შედგა პირველი წარმატებული გასტროლებიც (1978წ. ერევანი, დუბნა), რომლებსაც აღფრთოვანებული გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის კომპოზიტორების, დიმიტრი კაბალევსკისა და ოთარ თაქთაქიშვილის მხრიდან. პოლონური პრესა კი წერდა: “მართვე“ ნორჩია, მაგრამ უკვე მოასწრო მსმენელთა დაპყრობა“. 1980 წლიდან „მართვე“ უკვე დატვირთული საგასტროლო ცხოვრებით ცხოვრობს (ტაივანი, გერმანია, ჰოლანდია, რუსეთი, შვეიცარია, იაპონია, საფრანგეთი, ავსტრია, თურქეთი, ტაილანდი, ესპანეთი, სომხეთი, უკრაინა, ბულგარეთი, პოლონეთი, საბერძნეთი, აშშ, იტალია და სხვ.).
40 წლის განმავლობაში „მართვემ“ დიდი და საინტერესო შემოქმედებითი ბიოგრაფია შექმნა მდიდარი რეპერტუარით, უხვი კონცერტებით, კომპაქტური აუდიო ალბომების შექმნით (ერთ-ერთი ალბომი გამოსცა იაპონურმა ფირმა „ვიქტორმა“). „მართვემ“ სრულად შეცვალა საზოგადოებაში ეროვნული საგანძურის - ქართული ხალხური სიმღერისადმი დამოკიდებულება. ახალგაზრდობამ დაიწყო სიმღერის შესწავლა და შესრულება. დღეს სწორედ ახალგაზრდობას უპყრია სიმღერის სადავეები. ეს კი სიმღერის უკვდავებას ნიშნავს! თავის დროზე ანზორ ერქომაიშვილის ნათქვამი ფრთიანი აზრი: „ახალგაზრდებმა უკვე იციან, რომ თუ გვერდით მდგომი არ გიყვარს, ისე სიმღერა არ გამოგივა“ - განსხეულდა სიმღერაზე შეყვარებული ახალგაზრდების ერთიან დიდ სიყვარულსა და პატივისცემაში. სათანადოდ დაფასდა ანსამბლ „მართვეს“ მოღვაწეობა, - არის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, შექმნილია მუსიკალური ფილმი „მღერის „მართვე“, გამოიცა წიგნი ანსამბლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, გაიხსნა „მართვეს“ ვარსკვლავი.
ის, რომ დღეს საქართველოში მომრავლდა ბავშვთა ფოკლორული ანსამბლები, ცხადია მრავალწლიანი ტრადიციის მქონე „მართვეს“ დამსახურებაც არის. ანსამბლ „მართვეში“ გაზრდილმა ასეულობით ახალგაზრდამ თავის შვილებს შეასწავლა ხალხური სიმღერა და ამით აღადგინა ოჯახური მუზიცირების მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია. ანსამბლი მრავალი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული და საერთაშორისო ფესტივალების ლაურეატია. 1995 წლიდან ანსამბლს ხელმძღვანელობს „მართვეში“ აღზრდილი ლოტბარი ვალერი ქუტიძე.
სტუდია „მართვეში“ აღზრდილი თაობები (ამჯერად მე-12 თაობა) უკვე თავიანთ შვილებს გადასცემენ ეროვნული კულტურისადმი სიყვარულის და დაფასების უნარს.
სტუდიის არაერთმა აღზრდილმა თავის პროფესიულ საქმიანობად სწორედ ხალხური სიმღერის, ცეკვის და საეკლესიო მუსიკის შესწავლა და შესრულება არჩია.


***

ისინი იმავე რთულ, მრავალხმიან სიმღერებს ასრულებენ, რომელთაც მათი წინაპრები მღეროდნენ. ძველთაგან ასე მოდის: ყმაწვილს ჩვენში საგანგებოდ წვრთნიდნენ, მაღალ მოქალაქეობრივ შეგნებას უსაგნო, განყენებული დიდაქტიკის გარეშე უნერგავდნენ (საქართველოს მთიანეთის ზოგიერთ სოფელში უხუცესი კაცები თავშეყრის ადგილას მისულ 10-12 წლის ყმაწვილს ფეხზე წამოუდგებოდნენ, საბაასოდ მიიწვევდნენ, ყურადღებით მოუსმენდნენ). როგორც ჩანს, ბავშვის აღზრდაში, მისი გემოვნების დახვეწაში ხალხური სიმღერის შესწავლასაც გარკვეულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. ძველი დროის მატიანეებსა თუ სასულიერო შინაარსის ნაწარმოებებში ბევრი საინტერესო ცნობაა დაცული. ბასილი ეზოსმოძღვრის (XII-XIII სს) გადმოცემით, მეხრე ბიჭებს მიწის ხვნის დროს გუთნურ სიმღერებში თამარ მეფის საქებარი ლექსების ჩართვა ჰყვარებიათ. უფრო ადრე, ეტყობა, საქართველოში ბავშვთა მუსიკალურ აღზრდას მწყობრი, ორგანიზებული სახე მიუღია. XI საუკუნის ავტორი გიორგი მცირე მოგვითხრობს, თუ როგორ წაიყვანა დიდმა ქართველმა მწიგნობარმა გიორგი მთაწმინდელმა (1009-1065) საქართველოდან ბიზანტიაში 80 მგალობელი ობოლი ბავშვი, რომელთა ,,ბერძნულსა გუარსა ზედა” გალობამ კეისრის კარი მოხიბლა. მეხრე ბიჭები თუ სტიქიურად მღეროდნენ, მგალობელ ბავშვთა იმჟამინდელი გამოსვლა (დღეს ამას კონცერტი ჰქვია) შეიძლება ადრევე არსებული პროფესიული მუსიკალური ტრადიციის ერთგვარ დაგვირგვინებად მივიჩნიოთ.
ქართული ხალხური სიმღერების შენახვა-აღორძინებას დიდად შეუწყო ხელი ოჯახური მუზიცირების მრავალსაუკუნოვანმა ტრადიციამ. (ამ ტრადიციით არის ნასაზრდოები დიდი ქართველი პედაგოგის იაკობ გოგებაშვილის შედევრი „იავნანამ რა ჰქმნა“. ძნელია აუღელვებლად მიადევნო თვალი მოთხრობის მთავარი გმირის - უცხოობაში გაზრდილი პატარა გოგონას თავგადასავალს. ბოლოს მის ცნობიერებაში იმედის სხივად ხომ სიმღერა - დედის ნამღერი იავნანას ჰანგი შემოიჭრება და ყოველივე, რაც დავიწყებული იყო, ნაცნობ, მშობლიურ ელფერს დაიბრუნებს.)
წინათ ბავშვი მშობლიურ ჭერქვეშ ეუფლებოდა სიმღერებს, შემდეგ კი, როცა დავაჟკაცდებოდა, მათ თვითონ გადასცემდა ახალ თაობას. XX საუკუნეში ამ ტრადიციას თანდათან საფრთხე დაემუქრა. 1960-იანი წლებიდან საქართველოში მომრავლდა სახელდახელოდ შეკოწიწებული ბავშვთა საესტრადო ანსამბლები, რომლებიც უცხოეთიდან შემოღწეულ იაფფასიან მუსიკას ასრულებდნენ. აუცილებელი გახდა ხალხური სიმღერებისკენ ქართველი ბავშვების შემობრუნება. მათთვის ცხადი უნდა გამხდარიყო, რომ წინაპართაგან ნაანდერძევ უნიკალურ განძს დაცვა და გაფრთხილება სჭირდება. ჯერ ერთი, ამ სიმღერების წყალობით ხალხი თავის განუმეორებელ სახეს ინარჩუნებს და, მეორეც, მათი მოვლითა და პატრონობით მსოფლიო კულტურის წინაშე ვიხდით ვალს, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი.
1977 წელს გადავწყვიტეთ თბილისის განათლების სამმართველოს მოსწავლეთა მხატვრული აღზრდის სახლის ბაზაზე (დირექტორი: ნათელა ჯიღაური) შეგვექმნა ბიჭუნათა გუნდი. ნიჭიერ ბავშვთა შესარჩევად მოვიარეთ თბილისის საშუალო სკოლები, მაგრამ შედეგი სამწუხარო აღმოჩნდა - ბავშვებს ქართული ხალხური სიმღერების შესრულება ერცხვინებოდათ. მაშინ სასიმღერო ტრადიციებით ცნობილ ოჯახებს მივმართეთ. ასე მოვუყარეთ თავი 8-14 წლის ასაკის 30-მდე ბიჭუნას.
1978 წლის იანვრის თვეში შედგა პირველი შეკრება, რომელსაც მშობლებიც დაესწრნენ. აუდიტორიას განემარტა ქართული ხალხური სიმღერის როლი და მნიშვნელობა, მსოფლიოს მუსიკალურ ფოლკლორში მისი ადგილი. საჭირო გახდა ცნობილი ქართველი მომღერლების ღვაწლის გახსენება. თანდათან ნათელი გავხადეთ, რომ ბიჭუნების ანსამბლის თითოეულ წევრს სამშობლოს, მისი ხელოვნების წინაშე ვალი ეკისრება. გულგრილობის ყინული თანდათან გალღვა. დაიწყო რეპეტიციები. 8 თვის განმავლობაში ბავშვებს ვუნერგავდით სასიმღერო ჩვევებს, ვასწავლიდით საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელ ინტონაციებს. თბილისში დაბადებული და გაზრდილი ბავშვები განსხვავებულ კილოკავებსა და სასიმღერო მანერას მშვენივრად ითვისებდნენ, რითაც დადასტურდა, რომ წარსულის მაცოცხლებელ ფესვებთან კავშირი გაწყვეტილი არ იყო.
გუნდის რეპერტუარი თანდათან გაფართოვდა. 1978 წლის ბოლოს ბავშვებმა უკვე საქართველოს სხვადასხვა კუთხის 30-მდე ხალხური სიმღერა იცოდნენ ზეპირად. პირველი საკონცერტო ნათლობა ტელევიზიით 1978 წლის 9 მაისს შედგა. კონცერტს ესწრებოდა პოეტი ირაკლი აბაშიძე. მან დალოცა ახლადფეხადგმული ანსამბლი და მას დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა. ამავე გადაცემის დროს მაყურებელს ვთხოვეთ ბიჭუნათა გუნდისთვის სახელი შეერჩია. ტელეგადაცემამ დიდი ინტერესი გამოიწვია. გამოგვეხმაურნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ძველი თაობის მომღერლები სიხარულს ვერ მალავდნენ. მივიღეთ ბევრი წამახალისებელი და საქებარი წერილი. ანსამბლის სახელწოდებებსაც გვთავაზობდნენ. მრავალთაგან ერთი შევარჩიეთ – მართვე ("ეს ბავშვები დიდი მომღერალი არწივების ბარტყები - მართვეები არიან", - გვწერდა ერთი საგარეჯოელი კაცი დავით შაქარიშვილი).
„მართვემ“ პოპულარობა მოიხვეჭა, მას თითქმის ყველა საზეიმო კონცერტზე იწვევდნენ. პირველი გასტროლი შედგა სომხეთში 1978 წელს; ერევნის მუსიკალურ ფესტივალზე ანსამბლს დიდი წარმატება ხვდა წილად.
იმავე წელს „მართვემ“ მონაწილეობა მიიღო ქ. დუბნაში (რუსეთის ფედერაცია) გამართულ ფესტივალზე, სადაც საბჭოთა კავშირიდან მრავალი გამოჩენილი ბავშვთა გუნდი გამოდიოდა. ქართველმა ბავშვებმა თავი ისახელეს. „მართვემ“ დაიპყრო დუბნა“, - წერდა იქაური გაზეთი. 1980 წელს ვარშავაში ჩატარდა იუნესკოსთან არსებული ბავშვთა მუსიკალური აღზრდის საერთაშორისო საზოგადოების – ისმეს მე-14 კონფერენცია და მუსიკალური ფესტივალი. კონფერენციაზე მიწვეულნი იყვნენ მსოფლიოს 58 ქვეყნის წარმომადგენლები: მუსიკალური მოღვაწეები, კომპოზიტორები, შემსრულებლები, პედაგოგები. ყოფილი საბჭოთა კავშირიდან ამ ფორუმში მონაწილეობდნენ გამოჩენილი კომპოზიტორები: სსრკ კომპოზიტორთა კავშირის ბავშვთა მუსიკალური აღზრდის განყოფილების ხელმძღვანელი დიმიტრი კაბალევსკი (მრავალი გუნდიდან „მართვე“ მან შეარჩია და წარადგინა კონფერენციაზე) და საქართველოს კულტურის მინისტრი ოთარ თაქთაქიშვილი. „მართვეს“ გამოსვლას სპეციალისტებმა ,,ფანტასტიკური" უწოდეს. დ. კაბალევსკი წერდა: ,,გაუზვიადებლად შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან კონფერენციაზე ჩამოსულ ბავშვთა გუნდებს შორის, „მართვე“ საუკეთესო იყო". ბატონმა ოთარ თაქთაქიშვილმა ბავშვთა მუსიკალური აღზრდის შესახებ შესანიშნავი მოხსენება წაიკითხა. კონფერენციის დამთავრების შემდეგ მან განაცხადა: ,,ძალიან სასიამოვნო იყო ნორჩი მომღერლების მიერ შესრულებული ქართული ხალხური ტრადიციული სიმღერის გამო სპეციალისტების აღფრთოვანებული გამოძახილი "მართვე“ ნორჩია, მაგრამ უკვე მოასწრო მსმენელთა დაპყრობა," - წერდა პოლონური პრესა.
პოლონეთიდან დაბრუნების შემდეგ, „მართვემ“ თბილისში გამართა საანგარიშო კონცერტი, რომელსაც დიდძალი ხალხი დაესწრო. გაზეთებში ბევრი საქებარი წერილი დაიბეჭდა. ცნობილი მუსიკისმცოდნე ანტონ წულუკიძე წერდა: ,,მართვე“ უდიდეს საშვილიშვილო საქმეს ემსახურება, მისი სახით ვხედავ საქართველოში სტიქიური პროფესიონალიზმის საუკეთესო ტრადიციის აღდგენის პერსპექტივას".

„მართვეს“ გამოსვლას მუსიკისმცოდნე მაია დათუნაშვილი ასე გამოეხმაურა: ,,ეს მზიანი გაზაფხულის დღე და ბედნიერებით გასხივოსნებული განცდა დღემდე ჩამრჩა მეხსიერებაში. სცენაზე ორმოცი ქართველი ბიჭუნა იდგა და ომახიანად აგუგუნებდა მრავალჟამიერს, მღეროდნენ ბიჭები და მეგონა, რომ იმ წუთში ქვეყანაზე ბედნიერება და სიკეთე მეფობდა მხოლოდ, რომ აღარსად იყო ბოროტება, შური და სიკვდილი, გაზაფხული გაზაფხულობდა და განწმენდილი სული აღზევებას ზეიმობდა... მღეროდა „მართვე“.

1980 წლიდან „მართვე“ უკვე იმდენად პოპულარული ხდება, რომ საკავშირო კულტურის სამინისტრო მას მოკავშირე რესპუბლიკებში გამართულ სხვადასხვა ღონისძიებებსა თუ მუსიკალურ ფესტივალებზე აგზავნის. სვერდლოვსკის (რუსეთის ფედერაცია) პირველ საერთაშორისო ფესტივალზე 20-ზე მეტი გუნდი იყო წარმოდგენილი. ერთ-ერთი გაზეთი წერდა (წერილის სათაური იყო-,,Высокий полёт „Мартве“): ,,ამ პატარა ბიჭებმა დაიპყრეს სვერდლოვსკის ოლქი, იგი მართლაც საუკეთესო იყო ფესტივალში მონაწილეთა შორის." ბორის ელცინმა (მაშინ იგი სვერდლოვსკის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი იყო) „მართვეს“ გამარჯვებულის პრიზი გადასცა და განაცხადა: „ყოველ წელს მიიღეთ მონაწილეობა ჩვენს ფესტივალში და თვითმფრინავს მე გამოგიგზავნით“. „მართვეს“ მართლაც არ გამოუტოვებია არც ერთი ფესტივალი. მისთვის სვერდლოვსკში გასამგზავრებლად სპეციალური თვითმფრინავი ჩამოდიოდა.
ფესტივალის შემდეგ „მართვემ“ რამდენიმე მიწვევა მიიღო უცხოეთის ქვეყნებიდან. ,,ჩემი ოცნებაა საქართველოს ნახვა, მინდა ახლოს გავიცნო ის ქვეყანა, ის ხალხი, რომელმაც ასეთი მდიდარი სასიმღერო ფოლკლორი შექმნა," - წერდა ბერლინის რადიოს ბავშვთა გუნდის ხელმძღვანელი, პროფესორი მანფრედ როსტი. მან „მართვე“ გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში მიიწვია. „მართვეს“ მაშინდელი თაობა დღემდე მეგობრობს ბერლინის გუნდის მომღერლებთან და ეს გამონაკლისი როდია. მეგობრულმა კონტაქტებმა დიდად შეუწყო ხელი სხვადასხვა ქვეყნების კულტურული მემკვიდრეობის გაცნობას.
1989 წელს მანფრედ როსტის გუნდი საპასუხო ვიზიტით გვეწვია. მან პირველი კონცერტი გამართა თბილისობის დღესასწაულზე, სადაც ქართულად შეასრულა რევაზ ლაღიძის სიმღერა თბილისზე და მაყურებელი აღაფრთოვანა.
ბერლინში კონცერტებმა დიდი წარმატებით ჩაიარა. ერთ დღეს ბიჭები მიიყვანეს იქ, სადაც ადრე ბერლინის კედელი იყო აღმართული. გიდმა გაიხსენა ა.შ.შ.-ის პრეზიდენტის, ჯონ კენედის გამონათქვამი: ,,ეს არის ყველაზე დიდი ბოროტება, რაც კი ოდესმე ჩადენილა". შემდეგ გიდმა სიამაყით დასძინა: ეს ბოროტების კედელი თქვენი თანამემამულის – ედუარდ შევარდნაძის დიდი მონდომებითა და ძალისხმევით დაინგრაო. ბავშვები კედელთან გამწკრივდნენ და მრავალჟამიერი დააგუგუნეს, - ეს იყო ჰიმნი სიკეთისა, რომელიც ბოროტებაზე გამარჯვებას ზეიმობდა.
ჰოლანდიაში პირველი გასტროლის დროს, გაზეთი ზელანდ ნიუსი წერდა: ,,უნიკალურ მოვლენად იქცა ლუტენბერგის ტაძრის სცენაზე საქართველოს ბავშვთა გუნდის „მართვეს“ გამოსვლა, რომელმაც მოხსნა მაყურებელთა დასწრების ყველა რეკორდი და მსმენელები მაღალი კლასის სიმღერით მოხიბლა. გუნდმა გამოავლინა საშემსრულებლო ხელოვნების უმაღლესი დონე".
„მართვე“ რამდენჯერმე მიიწვიეს ჰოლანდიაში. დაუვიწყარია კუნძულ ტექსელზე გამართული კონცერტები და შეხვედრები (1945 წელს აქ ქართველი ტყვეები ფაშისტების წინააღმდეგ აჯანყდნენ და კუნძული ხელში ჩაიგდეს). „მართვეს“ კონცერტზე მოვიდნენ ომის მონაწილენი, მოვიდა ყველა, ვინც პირადად იცნობდა ქართველ გმირებს. როდესაც „მართვემ“ „შინმოუსვლელო, სადა ხარ“ შეასრულა (სოლისტი - დათო გერსამია), მთელი დარბაზი ატირდა. ოვაციებს ბოლო არ უჩანდა, ანსამბლს სიმღერა ორჯერ გაამეორებინეს.
მეორე დღეს „მართვე“ ქართველი მეომრების სასაფლაოზე მივიდა. ბავშვებმა ჯერ სამშობლოდან წამოღებული მიწა მოაყარეს ძმათა საფლავებს და ქართული ღვინოც აპკურეს, მერე „შავლეგო“ შემოსძახეს. თვალცრემლიანი ჰოლანდიელები შესცქეროდნენ ამ მართლაც ამაღელვებელ სანახაობას. შემდეგ დაიჩოქეს და ამით გამოხატეს დაღუპულთა მიმართ უდიდესი პატივისცემა.
გერმანიის ქალაქ გოსლარში გამართულ სპორტისა და მუსიკის დღესასწაულზე გამოსვლის შემდეგ, ფესტივალის დირექტორმა რუდი მიულერმა თქვა: ,,მართვეს“ ხელოვნება მისაბაძია მსოფლიოს ახალგაზრდობისათვის, რადგან ჩვენმა ქვეყნებმა უკვე დაკარგეს სასიმღერო ფოლკლორი. თუ ქართველი ბავშვები ასე ეწაფებიან საკუთარ ფოლკლორს და ასეთი სიყვარულით ასრულებენ მას, მაშინ ქართულ სიმღერას გადაშენება არ უწერია".
შვეიცარიის დიდი საერთაშორისო ფესტივალის დამთავრების შემდეგ, მისმა დირექტორმა, ბატონმა ჰარინგმა ასეთი წერილი გამოგვიგზავნა: ,,თქვენი სიმღერით მსმენელს უდიდესი სიამოვნება მიანიჭეთ, შვეიცარია თქვენ ისევ მოგიწვევთ, რადგან „მართვე“ ამ ფესტივალის მშვენება იყო. თქვენი ასეთი წარმატება განაპირობა მაღალმხატვრულმა საშემსრულებლო დონემ".
დიდი გამოხმაურება მოჰყვა „მართვეს“ პირველ გამოსვლას ამომავალი მზის ქვეყანაში (შემდგომ ანსამბლი იაპონიაში რამდენჯერმე მიიწვიეს). გაზეთი „სანკეი სიმბუკი“ (03.02.1989) წერდა: ,,ბავშვთა ფოლკლორულმა ანსამბლმა „მართვემ“ თავისი ხმების სიძლიერითა და სილამაზით შეარყია იაპონიის მიწა... პატარა ბიჭებს ეროვნული ტანსაცმელი აცვიათ, წელზე ხანჯლები შემოურტყამთ და მაყურებელს თავიანთი ხალხის ვაჟკაცურ სულს გადასცემენ... დასავლური მუსიკის საპირისპიროდ, „მართვე“ უბრუნებს მაყურებელს სიმღერის შესრულების პირველყოფილ ბუნებრივ სილამაზეს."
,,კონცერტის აპოთეოზად იქცა, - წერდა სხვა გაზეთი, - როდესაც „მართვემ“ ცნობილ იაპონურ ანსამბლ „იამაშიროგუმთან“ ერთად შეასრულა „აკატომბო“ („ჭრიჭინა“) და „ჩემო კარგო ქვეყანავ“. ამ სიმღერებმა იმდენად შეძრა მაყურებელი, რომ ბევრს გული აუჩუყდა და ატირდა... უმდიდრესი და ურთულესი პოლიფონიის დახვეწილი შესრულებით „მართვე“ შესანიშნავად აერთიანებს ხალხური ხელოვნების უძველეს ტრადიციებს. თავისი არაჩვეულებრივი ხელოვნებით, „მართვემ“ გვიჩვენა XXI საუკუნეში მუსიკალური კულტურის განვითარების გზა."
მორიგი გასტროლების წინ, იაპონური პრესა ანსამბლს ასე ახასიათებდა: ,,ჰარმონიის, მშვენიერებისა და სილამაზის გამომხატველი ქართული ანსამბლი „მართვე“ ასრულებს პოლიფონიის იშვიათ ნიმუშებს. " აი, „მართვეს“ ერთ-ერთი კონცერტის სხვა გამოძახილი: ,,პოლიფონიურობით, დახვეწილობითა და თვითმყოფადობით გამორჩეული ქართული საგუნდო მუსიკა, ისევე უძველესია, როგორც ეს ქვეყანა.“ გამოჩენილმა მუსიკოსმა იგორ სტრავინსკიმ იგი შეაფასა, როგორც ,,ადამიანების მიერ შექმნილი უმაღლესი მუსიკა". „ამ გუნდის პირველივე მოსმენისას გიტაცებთ ძლიერი ხმებისა და ,,სულის ჟღერადობის" ჰარმონია. ის მომხიბლაობა, რომელიც ამ მუსიკას ახლავს, აჯადოებს მსმენელს და შემდეგში გონებიდან აღარ იშლება. ის ადამიანებიც კი, რომლებიც დღემდე მოსმენილი მუსიკით უკმაყოფილებას გამოხატავენ, დუმილით გვერდს ვერ აუვლიან ამ მართლაც შესანიშნავ გუნდს“. ასეთივე აღტაცებით გამოეხმაურა „მართვეს“ ხელოვნებას საფრანგეთის, ავსტრიის, თურქეთის, ესპანეთის და სხვა ქვეყნების პრესა.
1998 წელს ახალგაზრდებს შორის ხალხური სიმღერის პოპულარიზაციისა და საკონცერტო მოღვაწეობისათვის მრავალი მუსიკალური ფესტივალისა და კონკურსის ლაურეატს „მართვეს“ საქართველოს სახელმწიფო პრემია მიენიჭა.
ახლახან, 2002 წლის აპრილში, მოსკოვში გამართულ დიდ საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე, „მართვემ“ გრან-პრი (Grand Prix) მოიპოვა.
საქართველოს ხელისუფლებამ ღირსეულად დააფასა ანსამბლის ღვაწლი. 1994 წელს გამოიცა განკარგულება „მართვეს“ ბაზაზე ბავშვთა საერთაშორისო ფოლკლორის ცენტრის შექმნის შესახებ, რომელსაც ხელი საქართველოს პრეზიდენტმა, ედუარდ შევარდნაძემ მოაწერა. დიდი პატივისცემით უნდა მოვიხსენიოთ „მართვეს“ ხელმძღვანელები: აწგანსვენებული ლოტბარი, ანსამბლის დიდი მოამაგე, ბატონი კოტე მშვიდობაძე, ბატონი რამინ მიქაბერიძე – „მართვეს“ ჩამოყალიბებისა და წარმატების ერთ-ერთი სულისჩამდგმელი.
1995 წლიდან ანსამბლს ხელმძღვანელობს „მართვეში“ აღზრდილი ლოტბარი ვალერი ქუტიძე.
დიდი მადლობა ეკუთვნის „მართვეს“ დაარსების ერთ-ერთ ინიციატორს, თბილისის განათლების სამმართველოს ბავშვთა საერთაშორისო ფოლკლორული ცენტრის დირექტორს, ქალბატონ ნათელა ჯიღაურს, რომელიც დედობრივ მზრუნველობას არ აკლებდა პატარა მომღერლებს.

ტკივილით უნდა მოვიგონოთ ჩვენგან უდროოდ წასული ის 11 ახალგაზრდა, რომელთა სახელებსაც „მართვეს“ მატიანე სათუთად ინახავს (მათი მშვენიერი ხმები ჩვენს კომპაქტ-დისკებზე წარმოდგენილ სიმღერებშიც გაისმის): გიორგი იოსელიანი, ერეკლე ჩალათაშვილი, ზურაბ ბენაშვილი, ავთანდილ ყარალაშვილი, დათო ახალაძე, როსტომ ნინუა, გიორგი კირვალიძე, დათო ცინცაბაძე, გია სარსევანიძე, გიორგი თარხნიშვილი, გია საათაშვილი, გიორგი შენგელია, გიორგი ჯიჯეიშვილი, დავით კვიმსაძე.


სტუდია „მართვეს“ ადმინისტრაცია
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლე
მსგავსი სტატიები არ მოიძებნა